English / ქართული / русский /
თამთა მესხორაძე
პოსტკომუნისტური ტრანსფორმაცია ინსტიტუციურ ჭრილში: შოკური თერაპიისა და გრადუალიზმის წინააღმდეგობრივი ხასიათის შესახებ

ანოტაცია

სტატიაში მოთხრობილია ყოფილი კომუნისტური ქვეყნების საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის ისტორიული პროცესიის შესახებ. აქვე განხილულია აღნიშნული პროცესის დასაწყისშივე ეკონომიკური რეფორმების შესახებ წარმოქმნილი შეხედულებების ორი სკოლა და მათი წინააღმდეგობრივი ხასიათი. ასევე ნაჩვენებია, რომ სწრაფი და საყოველთაო რეფორმების წყალობით შესაძლებელი გახდა უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის, მეტი პოლიტიკური თავისუფლებისა და უკეთესი ინსტიტუტების მიღება.

საკვანძო სიტყვები: პოსტკომუნისტური ტრანსფორმაცია,შოკური თერაპია, გრადუალიზმი.

თითქმის ერთი თაობა გავიდა მას შემდეგ, რაც დაეცა კომუნიზმი და დაიწყო კაპიტალიზმსა  და დემოკრატიაზე გადასვლის (ტრანსფორმაციის) ისტორიული პროცესი. 1989 წელს ბერლინის კედლის დამხობამ ევროპის ისტორიაში ახალი თავი გახსნა. ხალხის უმეტესობას, რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ, თითქმის ან საერთოდ აღარ ახსოვს ძველი სისტემები, არც ის აღსანიშნავი ტრანსფორმაციის გზა, რომელმაც ქვეყნები მოიყვანა იქამდე, სადაც დღეს არიან. უკან თუ გავიხედავთ, რთული დასაჯერებელია, რომ ეს იყო ბუნებრივი პროცესი, ამასთან გარდაუვალიც კი. კომუნისტურმა პერიოდმა ქვეყნებს დაუტოვა მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური დისბალანსები და სტრუქტურული პრობლემები. ფისკალურმა და მონეტარულმა პოლიტიკებმა, რომლებიც მიზნად ისახავდა უფრო მეტად  სამრეწველო ზრდის მხარდაჭერას, ვიდრე მაკროეკონომიკური ბალანსის მიღწევას, წარმოქმნა ქრონიკული ჭარბი მოთხოვნა და ფართოდ გავრცელებული საქონლის დეფიციტი. საბოლოოდ, ამ ქრონიკულმა ჭარბმა მოთხოვნამ ასევე გამოიწვია არამდგრადი საგარეო ვალი და მაღალი ან ჰიპერინფლაცია. სამწუხაროდ, ამ დროს ეკონომისტებისა და პოლიტიკოსების მხოლოდ მცირე რაოდენობას ჰქონდა საკმარისი ცოდნა და გამოცდილება, რაც მათ შეეხიდებოდა რთულ ამოცანებთან გამკლავებაში. ფაქტობრივად, თავდაპირველად, მკვლევარების უმეტესობა ფიქრობდა, რომ ძალისხმევა შედეგს არ მოიტანდა. როგორც გრიგორი იავლინსკმა აღწერა ტრანსფორმაციის გამოწვევა ლაკონურად: „არ არის რთული აკვარიუმიდან ამოყვანილი თევზებით წვნიანის მომზადება, მაგრამ რამდენად შესაძლებელია თევზის წვნიანის ისევ თევზებით სავსე აკვარიუმად გადაქცევა - ამაში მდგომარეობს მთავარი შეკითხვა.“

როგორც უკვე ითქვა, ტრანსფორმაციის საწყის ეტაპზე აღინიშნა გამოშვების მკვეთრი ვარდნა. საბოლოოდ, ქვეყნებმა ფეხზე წამოდგომა მოახერხეს, თუმცა ამისთვის თითოეულს განსხვავებული დრო დასჭირდა. რა განსაზღვრავდა ამ ტემპებს?

სხვადასხვა მკვლევარის მიერ გაკეთებულმა ტრანსფორმაციის ადრეულმა ანალიზმა ეს საკითხი შემდეგნაირად განიხილა:

  • ჰავრილიშინმა და სხვებმა მიმოიხილეს 1990-97 წლების ეკონომიკური ზრდის დეტერმინანტები ტრანსფორმაციულ ქვეყნებში. მათ აღმოაჩინეს, რომ მაკროეკონომიკური სტაბილიზაცია (ფისკალური შეზღუდვების ჩათვლით) და სტრუქტურული რეფორმები ხელს უწყობდა მდგრადი ზრდის მიღწევას. მიუხედავად იმისა, რომ გამოშვების თავდაპირველი შემცირება გარდაუვალი იყო, გრძელვადიანი ზრდა ასოცირებული იყო მდგრადი რეფორმის განხორციელებასთან. მათ აღმოაჩინეს, რომ არასასურველი საწყისი პირობების როლი _ საიდანაც ქვეყნებმა დაიწყეს ტრანსფორმაციის პროცესი - უარყოფითია, მაგრამ მცირე [Havrylyshyn, 1998:141].
  • ანალოგიურად, ფიშერმა და სხვებმა დაადგინეს, რომ უფრო წარმატებული სტაბილიზაციის საზომები (რომელიც აისახებოდა დაბალ ინფლაციასა და უფრო სტაბილურ გაცვლით კურსებში), ძლიერი დახმარება, და უფრო სწრაფი და ყოვლისმომცველი სტრუქტურული რეფორმები ამ პერიოდის განმავლობაში ზრდის უკეთეს შედეგებთან დაკავშირებული იყო  [Fischer, 1998:52].
  • დე მელუმ და სხვებმა აღნიშნეს, რომ: „ეკონომიკური ლიბერალიზაცია ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც განსაზღვრავს ეკონომიკური ზრდის განსხვავებებს“ [De Melo, 2001:1]. მაგრამ კამპოსმა და კორზელმა შემდგომში, შეაჯამეს რა უამრავი კვლევა, თქვეს, რომ ფასის ლიბერალიზაცია და მკაცრი მაკროეკონომიკური პოლიტიკა არ არის საკმარისი ეკონომიკური ზრდის წასახალისებლად. ისინი აღნიშნავდნენ: „ინსტიტუტები, რომლებიც ხელს უწყობენ საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირებას, წარმოადგენენ ფუნდამენტურ წინაპირობას, რომელიც, კერძოდ, დაკავშირებულია ფინანსურ ბაზრებთან და სოციალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემასთან“ [Campos, 2002:825].

კომუნიზმის დაცემის შემდეგ, ძალიან მალევე წარმოიქმნა ეკონომიკურ რეფორმებზე შეხედულების ორი სკოლა. ზოგიერთი ეკონომისტი უპირატესობას ანიჭებდა წარსულიდან სწრაფ გამოსვლას, მაშინ როცა დანარჩენები მხარს უჭერდნენ თანმიმდევრულ პოლიტიკას. მოგვიანებით ამ ორი მხარის მომხრეებს შორის მწვავე დებატები გაჩაღდა. ბევრი გრადუალისტი ამტკიცებდა, რომ ეკონომიკის სტრუქტურული ხარვეზები ჩაშლიდა ლიბერალიზაციის განხორციელების მცდელობებს, და, შესაბამისად, თვლიდა, რომ რეფორმები უნდა განხორციელებულიყო თანდათანობით, თანმიმდევრული გზით. მაგრამ სხვებისთვის _ მათ შორის ისეთი მთავარი ფიგურის ჩათვლით, როგორიცაა ლეშეკ ბალცეროვიჩი პოლონეთში და მოგვიანებით, იგორ გაიდარი რუსეთში _ პრობლემის გაგება საპირისპიროს გულისხმობდა: სწრაფი რეფორმა იქნებოდა უნაკლო და მხოლოდ იმ შემთხვევაში გაამართლებდა, თუკი ყველა ცვლილება ერთად მოხდებოდა, რადგან საჭირო იყო, რომ ლიბერალურ ფასებს, გაუმჯობესებულ მმართველობასა და სტაბილურ ეკონომიკურ თუ ფინანსურ გარემოს ერთმანეთი გაეძლიერებინა; მათი აზრით, ნაწილობრივი რეფორმით მხოლოდ ცოტას მიღწევა გახდებოდა შესაძლებელი.

მაგალითად, პოლონეთში გვიან, 1989 წელს საბაზრო რეფორმისთვის კომისიამ ლეშეკ ბალცეროვიჩის მეთაურობით შეაჯამა გეგმები, რომელთა განხორციელება დაიწყო 1990 წლიდან და ცნობილი გახდა, როგორც „შოკური თერაპია“; ტერმინი შემოიღო ჯეფრი საქსმა _ პოლონელი რეფორმატორების მრჩეველმა _  1980-იანის შუა წლებში ლათინურ ამერიკაში მიმდინარე რეფორმებისთვის [Sachs, 1994:102]. პოლონეთში განხორციელებულმა სწრაფმა რეფორმებმა  მაგალითი შექმნა რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის.

დასაწყისში ტრანსფორმაციის იგივე გზა აირჩია სსრკ-მაც, როდესაც ახლად არჩეულმა რუსულმა პარლამენტმა მხარი დაუჭირა გრიგორი იავლინსკისა და სტანისლავ შატალიანის მიერ შეთავაზებულ პროგრამას სახელწოდებით „500 დღე“, რომელიც ითვალისწინებდა სწრაფი რეფორმების განხორციელებას. გეგმის მიხედვით, პირველი 100 დღე დაეთმობოდა სახელმწიფო ქონების ფართო პრივატიზებას, შემდეგი 150 დღე _ ფასების ლიბერალიზაციასა და ადმინისტრაციული კონტროლის მოხსნას. მომდევნო 150 დღის განმავლობაში მოხდებოდა ბაზრის სტაბილიზაციის მიღწევა თავდაპირველი ფასების შოკის შემდეგ, და ბოლო 100 დღეში _ ეკონომიკური ზრდის განახლება. თუმცა საბჭოთა პარლამენტმა და მთავრობამ ეს პროგრამა ზედმეტად ამბიციურად მიიჩნიეს. და, საბოლოოდ, პრეზიდენტმა გორბაჩოვმა აღნიშნულ პროექტზე უარი თქვა სოციალური შედეგების შიშით, მან სანაცვლოდ აირჩია გრადუალური ტრანსფორმაციის გზა, რამაც ნაკლებად გაამართლა.

ამერიკელი მაკროეკონომისტებისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის და შეერთებული შტატების მთავრობისთვის ლათინური ამერიკის 1980-იანი წლების მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის გამოცდილება საკმარისი აღმოჩნდა სასურველი გზის ასარჩევად. მათი შეხედულება მდგომარეობდა იმაში, რომ რადიკალური და საყოველთაო რეფორმის პროგრამა განკურნების საუკეთესო საშუალება იქნებოდა [Bruno, 1988:275]. ამ პროგრამას ჯონ უილიამსონმა „ვაშინგტონის კონსენსუსი“ უწოდა (1990). მისი შეჯამება შეიძლება, როგორც „წინდახედული მაკროეკონომიკური პოლიტიკა, გარე ორიენტაცია და თავისუფალი ბაზრის კაპიტალიზმი,“ და იგი ემყარებოდა ნეოკლასიკურ ძირითად (mainstream) ეკონომიკურ თეორიას. ისიც შეიძლება ითქვას, რომ პროგრამის სახელი არასწორად შეარჩიეს, რადგან ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს ეკონომიკურ პოლიტიკას მსოფლიოს ვაშინგტონი კარნახობდა.

ვაშინგტონის კონსენსუსის მიხედვით, რეფორმის 10 განზომილებიდან 5 უნდა შესრულებულიყო ადრე და სწრაფად. ეს იყო: მაკროეკონომიკური სტაბილიზაცია, ბაზრის ლიბერალიზაცია, ვაჭრობის ლიბერალიზაცია, ლეგალური რეფორმები და უმუშევრობის კომპენსაცია. დანარჩენი, მსხვილმასშტაბიანი პრივატიზაციის ჩათვლით, უნდა დაწყებულიყო მოგვიანებით და უნდა გაწელილიყო დროში.

გრადუალისტები ეთანხმებოდნენ სწრაფი მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის მნიშვნელოვნებას და ხშირ შემთხვევაში ხედავდნენ პატარა ზომის ობიექტების ადრეული პრივატიზაციის საჭიროებასაც, ასევე ახალი ბიზნესის დაწყებისთვის თავისუფლების მინიჭების აუცილებლობას [Stiglitz, 2000:27]. თუმცა ვაშინგტონის კონსენსუსი მაინც ნაკლებად სარწმუნო იყო მათთვის, რადგან ისინი კომუნიზმიდან კაპიტალიზმზე გადასასვლელად არჩევდნენ მიდგომას „ჯერ ინსტიტუტები“. ადრეული გრადუალისტები, მათ შორის  ფილიპ აგიონი და ოლივიე ბლანშარი, ამტკიცებდნენ, რომ ტრანსფორმაციის მნიშვნელობა მეტწილად მოცემული იქნებოდა სოციალისტური ეკონომიკის უუნარობაში. არეულობების თავიდან ასაცილებლად, მათი აზრით, ცვლილებები თანმიმდევრული/გრადუალური უნდა ყოფილიყო, რაც ახალ ინდუსტრიებსა და სამუშაო ადგილებს დროს მისცემდა შესაქმნელად, რადგან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში მოხდა ძველი ინდუსტრიებისა და სამუშაო ადგილების მასობრივი დახურვა ან რესტრუქტურიზაცია [Aghion, 1994:283].

შეხედულებების ორივე სკოლა აღიარებდა ინსტიტუტების მნიშვნელობას, მაგრამ იგი, უდავოდ, უფრო ცენტრალური იყო გრადუალისტებისთვის, რომლებიც თვლიდნენ, რომ უკეთესი ინსტიტუტების შექმნამდე ლიბერალიზაცია უნდა გაჭიანურებულიყო.

მეტიც, გრადუალიზმის დამცველები ამტკიცებდნენ, რომ ინსტიტუციური განვითარება წინ გაუსწრებდა ბაზრის ლიბერალიზაციას, რითაც გაზრდიდა ამ უკანასკნელის ეფექტიანობას. რეალურად კი არც ერთი პოსტკომუნისტური ქვეყანა არ გაჰყოლია მოვლენათა ამ თანმიმდევრობას. ყველგან ინსტიტუციური განვითარება მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა ეკონომიკურ რეფორმებს.

რაც შეეხება შოკური თერაპიის მომხრეებს, მათი მტკიცებით, შეიძლებოდა,, ინსტიტუციური განვითარებისთვის ლოდინი ეკონომიკური რეფორმების განხორციელებამდე,  რეფორმების საერთოდ არქონის წინაპირობა გამხდარიყო. ისინი თვლიდნენ, რომ უკეთესი იყო პოსტკომუნისტური ეიფორიის მოკლე „თაფლობის თვის“ პერიოდის გამოყენება, რათა ახალი ლიბერალური რეჟიმი სწრაფად მოსულიყო მწყობრში და თავიდან აცილებულიყო რეფორმის ცვლილებები. უმუშევრობასთან გასამკლავებლად, შოკური თერაპიის მომხრეები გვთავაზობდნენ სოციალური უსაფრთხოების სისტემას, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა განხორციელებულიყო.

ბოლო 25 წლის განმავლობაში მიღებულმა მტკიცებულებებმა დაადასტურა ე.წ. შოკური თერაპიის უპირატესობა. გრადუალიზმის ძირითადი არგუმენტი მდგომარეობდა იმაში, რომ ძალიან სწრაფ რეფორმებს, წესით, დიდი სოციალური დანაკარგები უნდა გამოეწვია. სინამდვილეში კი, მოხდა ისე, რომ სწრაფმა რეფორმატორებმა განიცადეს უფრო მოკლე რეცესიები და შედარებით მალე დადგნენ ფეხზე, ვიდრე გრადუალური რეფორმატორები. მართლაც, კეთილდღეობის უფრო ფართო საზომიც - ადამიანის განვითარების ინდექსი (Human Development Index) იმავე დასკვნაზე მიუთითებს: ტრანსფორმაციის სოციალური დანახარჯები სწრაფად მოძრავ ქვეყნებში უფრო დაბალი იყო.

25 წელზე მეტი გავიდა კომუნიზმის დაცემის შემდეგ. დროის ეს მონაკვეთი საკმარის ინფორმაციას აწვდის მკვლევარებს ტრანსფორმაციის პროცესში ჩართული ქვეყნების გამოცდილებების შესახებ. სიძნელეს წარმოადგენდა რეფორმატორების დაყოფა სწრაფ და გრადუალურ რეფორმატორებად. თუმცა კლასიფიკაცია მაინც შესაძლებელი გახდა, რადგან ტრანსფორმაციამ მოიცვა ბევრი ისეთი განზომილება, რომელთა საშუალებითაც მოხდა ქვეყნების დალაგება რეფორმების განხორციელების სიჩქარის დონის მიხედვით.

სხვადასხვა ქვეყანაში რეფორმების მუშაობის უკეთ გასაგებად განვიხილავთ პოსტ- კომუნისტურ მსოფლიოში  ფართოდ გავრცელებულ ტრანსფორმაციის ინდექსს _ ტრანსფორმაციის პროგრესის ინდიკატორს (TPI), რომელიც ყოველწლიურად ითვლება რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკის (EBRD) მიერ. TPI ზომავს ქვეყნის საბაზრო ორიენტაციის ხარისხს 1-დან 4.5 სკალაზე, სადაც 1 გამოხატავს ცენტრალურად დაგეგმილ რეჟიმს, ხოლო 4.5 _ მთლიანად ფუნქციონირებად ბაზარს.

  ნახაზი 1. EBRD-ის ტრანსფორმაციის პროგრესის ინდიკატორი, 2004. 

წყარო: EBRD, Transition Report 2004(London: EBRD, 2004), http://www.ebrd.com/pubs/econo/series/tr.htm

ნახაზი 1 გვიჩვენებს 2004 წელს 28 ყოფილი კომუნისტური ქვეყნისთვის TPI-ის რეიტინგებს. ქვეყნები 5 კატეგორიად არიან დაჯგუფებული: ცენტრალური ევროპა, ბალტიისპირეთი, ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი ევროპა, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნები (აღსანიშნავია, რომ ამ დროს საქართველო ჯერ დსთ-ს ქვეყნებს შორის შედიოდა) რეფორმების ზომიერი ხარისხით, და დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის სამი წევრი ქვეყანა ძალიან შეზღუდული რეფორმებით.

ცხრილი 1

რეფორმის სტრატეგიების მიხედვით დაჯგუფებული ტრანსფორმაციული ქვეყნები

I ჯგუფი

II ჯგუფი

III ჯგუფი

IV ჯგუფი

V ჯგუფი

 
 

ესტონეთი

უნგრეთი

ალბანეთი

აზერბაიჯანი

ბელორუსი

 

ლატვია

სლოვენია

ბულგარეთი

სომხეთი

უზბეკეთი

 

ლიტვა

 

მაკედონია

საქართველო

თურქმენეთი

 

ჩეხეთის რესპუბლიკა

 

ყირგიზეთი

ყაზახეთი

 

 

პოლონეთი

 

რუსეთი

უკრაინა

 

 

სლოვაკეთი

 

 

ტაჯიკეთი

 

 

მაშასადამე, ცხრილი 1 გვიჩვენებს, რომ მხოლოდ ექვს ქვეყანას შეიძლება ვუწოდოთ მტკიცე შოკური თერაპიის რეფორმატორი. ამ ქვეყნებმა კომუნისტური მმართველობის დასრულების შემდეგ პირველ რამდენიმე წელიწადში გააკეთეს დიდი ნახტომი ლიბერალიზაციის მიმართულებით. მათ მიაღწიეს და შეინარჩუნეს დაბალი ინფლაცია, და განუწყვეტლად ზრდიან თავიანთ TPI-ის მაჩვენებლებს დღესაც. გეგმებჩაშლილი შოკური თერაპიის მომხრე ქვეყნებმა პირველ წლებში მიაღწიეს TPI-ის მაღალ მაჩვენებლებს, მაგრამ მათ რეფორმის ტემპი ვერ შეინარჩუნეს. ქვეყნები გრადუალური რეფორმების კატეგორიაში თავიდანვე ითვისებდნენ თანმიმდევრულობას. ამ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, მაკროეკონომიკური სტაბილიზაცია და მნიშვნელოვანი ლიბერალიზაცია გადაიდო თითქმის 2-დან 3 წლამდე ვადით და ზოგიერთ შემთხვევაში, უფრო დიდხანსაც.  და, ბოლოს, შეზღუდული რეფორმების კატეგორია შედგება ქვეყნებისგან, რომელთაც მიაღწიეს ძალიან შეზღუდულ პროგრესს საბჭოთა კავშირის ეკონომიკიდან.

ახლა კი განვიხილოთ ინსტიტუციური განვითარება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ინსტიტუციური განვითარების ბევრი ინდიკატორი არსებობს, ვუბრუნდებით ისევ EBRD-ს, რადგან იგი გვაძლევს უფრო თანმიმდევრულ დროით მონაცემებს ყოფილი კომუნისტური ქვეყნებისთვის, ვიდრე სხვა შეფასებები და ასევე გვაძლევს საშუალებას, პირდაპირ შევადაროთ ლიბერალიზაციის ინდიკატორი სხვა ინდიკატორებს. ცხრილი 2 TPI-ის მონაცემებს ალაგებს ლიბერალიზაციისა (ლიბ) და  ინსტიტუციური განვითარების (ინსტ) მონაცემებად.

ცხრილი 2

ეკონომიკური ლიბერალიზაციისა და ინსტიტუციური განვითარების რიგითობა

ქვეყნები

ინდექსი

1994

1999

2005

 
 

ცენტრალური ევროპა

ლიბ

3.7

4.2

4.3

 

 

ინსტ

2.7

3.1

3.3

 

ბალტიისპირეთი

ლიბ

3.7

4.1

4.3

 

 

ინსტ

2.3

2.9

3.2

 

ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ევროპა

ლიბ

3.0

4.0

4.1

 

 

ინსტ

1.7

2.2

2.5

 

დსთ, საქართველო

ლიბ

2.2

 

3.1 

3.9

 

 

ინსტ

1.4

2.1

2.2

 

ბელორუსია, უზბეკეთი, თურქმენეთი

ლიბ

1.9

2.0

2.3

 

 

ინსტ

1.4

1.6

1.5

 
           

 

წყარო: EBRD, 1994-2005 Annual Transition Reports, http://www.ebrd.com/pubs/econo/series/tr.htm

როგორც ვხედავთ, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრმა ქვეყნებმა უმნიშვნელო პროგრესს მიაღწიეს ინსტიტუციური განვითარების კუთხით, მათ შორისაა საქართველოც, მაგრამ ისინი ჩამორჩებოდნენ ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს. იმ ქვეყნებმა, ვინც ჯერ ლიბერალიზაცია აირჩია, ინსტიტუციური განვითარების მხრივ უფრო სწრაფ პროგრესს მიაღწიეს.

მსჯელობის საფუძველზე. რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანა შეიძლება. პირველი, ყველა ფორმირებად კომუნისტურ ქვეყანაში ინსტიტუციური განვითარება ჩამორჩა ეკონომიკურ ლიბერალიზაციას. მეორე, ის ქვეყნები, რომლებიც სწრაფად და ადრე მოძრაობდნენ ლიბერალიზაციისკენ, ასევე სწრაფად მოძრაობდნენ ინსტიტუციური განვითარებისკენ. მესამე, არც ერთ ქვეყანაში, გრადუალისტური ქვეყნების ჩათვლით, ინსტიტუციური განვითარება წინ არ უძღოდა ლიბერალიზაციას.

საბოლოო ჯამში, დღეს სწრაფ რეფორმატორებს უკეთესი ინსტიტუტები აქვთ, ვიდრე თანმიმდევრულ რეფორმატორებს. ეს შედეგი შეესაბამება ჰიპოთეზას, რომ პოლიტიკური ელიტები, რომლებიც მისდევდნენ ეკონომიკურ ლიბერალიზაციას, ასევე მისდევდნენ შემდგომ ინსტიტუციურ განვითარებას. და, პირიქით, პოლიტიკური ელიტები, რომლებიც მხარს უჭერდნენ თანმიმდევრულ რეფორმებს, ამას იმ მიზნით აკეთებდნენ, რომ ეკონომიკისგან მიეღოთ მაქსიმალური რენტები. გრადუალიზმის (თანმიმდევრულობის) ერთ-ერთი უკიდურესი შედეგი იყო ოლიგარქიული კლასების ჩამოყალიბება. რაც შეეხება რეფორმების სიჩქარესა და სიღრმეს, ქვეყნების შედარებითი პოზიცია დიდწილად უცვლელი რჩებოდა. ქვეყნების უმეტესობა, რომელიც ადრე წავიდა წინ, ისევ ყველაზე წინაა.

დასასრულ, იმის გასაგებად, თუ რამ განაპირობა სწრაფი რეფორმატორების ძალისხმევის წარმატებულობა, შეიძლება ოთხი მნიშვნელოვანი ფაქტორის გამოყოფა:

პირველი, თვითონ რეფორმატორები. გაბედულმა პოლიტიკოსებმა და რეფორმატორებმა წინ გადადგეს ნაბიჯები და მიიღეს გამოწვევა, შეემუშავებინათ რეფორმები და აეხსნათ მათი შედეგები წინდახედული საზოგადოებისთვის. ამ რეფორმატორებს ესმოდათ თავიანთი ამოცანის ისტორიული ბუნება და გაბედულად გადალახეს კიდევაც ტრანსფორმაციის ეს  გამოწვევა.

მეორე, ჭკვიანური რეფორმის სტრატეგიები. რეფორმის სტრატეგიები შეიქმნა ტრანსფორმაციის ძირითად იმპერატივებზე დაყრდნობით, ესენი იყო: რესურსების გადანაწილების წახალისება, ქრონიკული დეფიციტისა და ინფლაციის აღმოსაფხვრელად ფინანსების დასტაბილურება, კომპანიებსა და მათ კაპიტალზე გაუმჯობესებული მმართველობის პროცესის დასაწყებად სახელმწიფო კომპანიების/აქტივების პრივატიზება,  ფასების ლიბერალიზაციის საჭიროებაზე ორიენტირება.

მესამე, მაგნიტური ევროპა. წლების განმავლობაში დასავლეთის ეკონომიკური სისტემისგან იზოლაციაში ყოფნის შემდეგ, და კომუნისტური სისტემის დარღვევის შემდეგ, მოქალაქეების უმეტესობას უბრალოდ სურდა, ეცხოვრა ნორმალური ეკონომიკის მქონე ნორმალურ ქვეყანაში,  მათი ისტორიისა და გეოგრაფიის გათვალისწინებით, ეს ხედვა მდგომარეობდა დასავლეთის ქვეყნებთან რეინტეგრაციაში. ევროკავშირის მხრიდან რეგიონის ქვეყნებისთვის გაკეთებულმა ისტორიულმა შეთავაზებამ გრავიტაციულად უბიძგა პოლიტიკოსებს, რომ დაეფუძნებინათ და განეხორციელებინათ რთული რეფორმები. ვინაიდან, რეფორმების განხორციელების პროცესში მთავრობები მიდიოდნენ და მათ ადგილს ახალი მთავრობები იკავებდნენ, ლაკმუსის ტესტი კი ნებისმიერი ახალი პოლიტიკისთვის ერთი და იგივე რჩებოდა: „ისევ გაგვიძღვება ის უკან ევროპისკენ?“ ტესტი, რომელიც გამორიცხავდა უფრო მეტად არასასურველ ექსპერიმენტს. მაგალითად, პოლონეთში მთავრობები მიდიოდნენ და მოდიოდნენ, მაგრამ რეფორმა ისევ წინ მიიწევდა.

და მეოთხე, საგარეო მხარდაჭერა. ვალისა და საგადამხდელო ბალანსის ტვირთი მთავრობებს მკაცრ პირობებს უწესებდა, თუმცაღა იქმნებოდა სტრუქტურული რეფორმების განსახორციელებლად ფინანსურ დესტაბილიზაციასთან ბრძოლის პროცესში. მაგრამ, დაფინანსებამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, EBRD-ისა და ორმხრივი კრედიტორების მხრიდან, და ზოგიერთ საკვანძო შემთხვევაში, ოფიციალური და კომერციული ბანკის კრედიტორების მხრიდან ვალის შემსუბუქებამ, ხელი შეუწყო ამ შეზღუდვების შემცირებას.

 გამოყენებული ლიტერატურა 

  1. Aghion Philippe & Blanchard Olivier J., 1994, "On the Speed of Transition in Central Europe," NBER Chapters, in: NBER Macroeconomics Annual 1994, Volume 9, pages 283-330 National Bureau of Economic Research, Inc.
  2. Bruno Michael, 1988, Econometrics and the Design of Economic Reform. NBER Working Paper No. 2718, Econometrica, vol. 57, no. 2, pp275-306.
  3. Campos, Nauro F., and Fabrizio Coricelli, 2002, “Growth in Transition: What We Know, What We Don't, and What We Should," Journal of Economic Literature, Vol. 40, No. 3, pp. 793-836.
  4. De Melo, Martha, Cevdet Denizer, Alan Gelb, and Stoyan Tenev, 2001, “Circumstance and Choice: The Role of Initial Conditions and Policies in Transition Economies,” World Bank Economic Review, Vol. 15, No. 1, pp. 1-31.
  5. EBRD, 1994-2005, Transition Reports (London: European Bank for Reconstruction and Development).
  6. Fischer, Stanley, 1998, “The Russian Economy at the Start of 1998,” Speech delivered at the US-Russian Investment Symposium at Harvard University on January 9 (Available at https://www.imf.org/external/np/speeches/1998/010998.htm).
  7. Fischer, Stanley, Ratna Sahay, and Carlos Végh, 1998, “From Transition to Market: Evidence and Growth Prospects,” IMF Working Paper No. 98/52 (Washington: IMF).
  8. Havrylyshyn, Oleh, 2016, "25 Years of Reforms in Ex-Communist Countries," Development Policy Analysis no. 795 (Washington: Cato Institute).
  9. Havrylyshyn, Oleh, Ivailo Izvorski, and Ron van Rooden, 1998, “Recovery and Growth in Transition Economies 1990-97: A Stylized Regression Analysis,” IMF Working Paper No. 98/141(Washington: IMF).
  10. Sachs, Jeffrey, and Wing Thye Woo, 1994, "Structural Factors in the Economic Reforms of China, Eastern Europe and the Former Soviet Union," Economic Policy, April, pp. 102-145.
  11. Stiglitz , Joseph, 2000, “Whither Reform? Ten Years of Transition,” Annual Bank Conference on Development Economics (Washington: World Bank).
  12. United Nations Development Program, Human Development Report 1998 (UK: Oxford University Press, 1998).